დიდი ურდო
დიდი ურდო — თათართა ფეოდალური სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, მდინარე დონსა და დნეპრს შორის; შეიქმნა 1433 წელს ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. ლიტვის დიდი მთავრის სვიდრიგალოს დახმარებით დიდი ურდოს სათავეში ჩაუდგა თოხთამიშის შვილიშვილი სეიდ აჰმედი. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მესაქონლეობა, ნაწილობრივ — მიწათმოქმედება. XV საუკუნის შუა წლებში დიდი ურდო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღმოსავლეთ ევროპაში. 1455-1456 წლებში ზამთარში ყირიმის ხანმა ჰაჯი-გირეიმ დაამარცხა დიდი ურდო, რის შემდეგაც მისმა ცენტრმა მდინარე ვოლგის სანაპიროებზე გადაინაცვლა. 1465 წელს მას ასტრახანი გამოეყო და დამოუკიდებელ სახანოდ ჩამოყალიბდა. დიდმა ურდომ გარკვეულ ძლიერებას მიაღწია აჰმედ-ხანის დროს (1465-1481). 1486-1491 წლებში დიდი ურდო ყირიმის ხანმა მენგლი-გირეიმ დაამარცხა, 1502 წელს კი საბოლოოდ მოუღო ბოლო მის დამოუკიდებლობას.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/%D0%91%D0%BE%D0%BB%D1%8C%D1%88%D0%B0%D1%8F_%D0%9E%D1%80%D0%B4%D0%B0.png/300px-%D0%91%D0%BE%D0%BB%D1%8C%D1%88%D0%B0%D1%8F_%D0%9E%D1%80%D0%B4%D0%B0.png)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 540.