Ka:ნატახტარი/საკონკურსო/20110228080639/ლუდი
ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.
ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა - ასე იწყება ლუდის ისტორია.
ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე. ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
"ქვის ძელი" - ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში - თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.
უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა. ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.
არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს. მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად - გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.ლუდის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად სვია მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში იქცა.
უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ამ ნახატებზე ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი. ქურუმები ავრცელებდნენ მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებაც.
ეგვიპტელები ლუდს თავდაპირველად ბაბილონში ყიდულობდნენ, თუმცა სასმელი ხანგძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავად დაეწყოთ ლუდის დამზადება. ისინი განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, სიმინდისაგან ლუდის დამზადება ძველეგვიპტური ღმერთის ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტურ ლუდს "ხეკი" ერქვა და მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.
პაპირუსი, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გეორგ ებერსმა აღმოაჩინა, ფარაონთა ქვეყანაში პირველი დოკუმენტია მედიცინის თემაზე -ის ლუდის რეცეპტებსაც შეიცავს.
ლუდის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ ლუდის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს.ლუდი პირამიდების მშენებელთა რაციონში მთავარი პროდუქტი იყო, ხშირად შესრულებულ სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ. ლუდის მხარშველი კი იმდენად საპატიო პროფესია იყო, რომ მათ ქანდაკებებს სამარხებშიც ინახავდნენ. ასე იყო ნინევიაშიც.
ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.
ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ. ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ - ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.
ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს იცოდნენ ბერძნებმა იმის შესახებ, რომ ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებლები ლუდს ამზადებდნენ. რომაელმა კონსულმა და მწერალმა პლინიუს უმცროსმა (62-114 წლები) ევროპაში 195 სახეობის ქერის სასმელი აღწერა.ლუდის დამზადებას იმ დროს გერმანელები მისდევდნენ. ამის შესახებ იუწყებოდა ტაციტიუსიც, "გერმანელების შესახებ" ცნობილი ტრაქტატის ავტორი.
ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს. გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ლუდის დამზადების ტექნოლოგია ევროპულ მონასტრებში დაიხვეწა. ბერები გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სვიის გამოყენებაც მათი იდეა იყო - ლუდის მეშვეობით, ბერებს შეეძლოთ ხანგძლივი მარხვისათვის გაეძლოთ, კლერიკალური პრინციპები "თხევადი პურის" მიღებას არ კრძალავდა.
ლუდის სიწმინდის დაცვაზე ევროპელებიც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. 1516 წელს ბავარიაში მიიღეს კანონი ლუდის რეცეპტურის უმკაცრესი დაცვის შესახებ. კანონი, რომელსაც "სიწმინდის მცნება" ჰქვია, აწესებდა, რომ ლუდის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქერის, მოგვიანებით - ალაოს, სვიისა და სუფთა წყლისაგან. კანონი უმკაცრესად სჯიდა ნებისმიერ გადაცდომას - მათ, ვინც ლუდს წყალს ურევდა ან აყალბებდა, მკაცრ ჯარიმებს უწესებდნენ, ყველაზე ურჩებს კი ლუდში ახრჩობდნენ. ამერიკის კონტინენტზე ლუდი ევროპელმა მეზღვაურებმა შუასაუკუნეებში ჩაიტანეს, თუმცა ჯერ კიდევ 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ლუდს სიმინდისა და ხის წვენისაგან ამზადებდნენ.
"საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია."
"მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა, ადგილობრივი წარმოშობისაა მახა და ზანდური-გარდამავალი ჯიშები ველურიდან კულტურული ხორბლის ჩამოყალიბების გზაზე. ესაა მოვლენა უნიკუმი, სელექციის უტყუარი ფაქტი, სადაც საინტერესოდ იკვეთება მრავალდარგოვანი სამეურნეო ცხოვრების გრძელი გზა."
"მთიელისათვის ლუდი ნაციონალური სასმელია, რაც განუწყვეტლად სდევს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორც საერო, ასევე საკულტო-სარიტუალო წესთმსახურების შესრულებისას, ყველა სამეურნეო საქმიანობა ლუდის გამოხდასთანაა დაკავშირებული და თითქოს ლუდით იხსნება იმ ღვთაებრივი სამყაროს კარიბჭე, რომლის იქით ღმერთები ცხოვრობენ."
"ალბათ ამიტომაა ქართველ მთიელთა ლუდის გამოხდის ტრადიციები დახვეწილი, წარმოების პროცესით მდიდარი, ხელ-ჭურჭლით მრავალფეროვანი და მოხმარების წესით ორიგინალური. საზოგადოდ, ლუდის გამოხდა-დაყენებას მთიელები მიმართავენ როგორც სარიტუალო მიზნებისათვის, ასევე საოჯახო მოხმარებისათვისაც. ისინი ლუდს ძირითადად ქერისაგან ადუღებდნენ"
"რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა."
ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი