არშის ციხე
არშის ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის მახლობლად. მდინარე თერგის ნაპირზე, ციცაბო კლდეზე. ჩრდილოეთ მხარეს დაცვის რთული სისტემით აღჭურვილი კარიბჭეა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილ ნაგებობათა შორის უძველესია IX-X საუკუნეების უაფსიდო ეკლესია. სათოფურებიანი ციხის გალავანი დაახლოებით XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისისაა. XVIII საუკუნეში ეკუთვნოდა ზურაბ არაგვის ერისთავს. ამ დროს მას ხევის ციხესაც უწოდებდნენ.
წმინდა გიორგის ხატი
ციხის ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის ხატი. იგი ოთხწახნაგა პრიზმის ფორმის მასიური ნაგებობაა, ნაშენია და გადახურულია ფიქალის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. კედელში დიდი ოთხკუთხა თახჩაა ჩატანებული. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კლდის პირას საზარეა — ქვების ორ გროვაზე რკინის ჯოხია გადებული, რომელზეც დიდი ზარია ჩამოკიდებული.
ეკლესია
ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთებში დგას IX-X საუკუნეების ეკლესია (9,6x5,2 მ), რომელსაც ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, გვიანდელი მინაშენი ეკვროდა. შენობა ნაგებია თლილი ქვით. ქვები ფასადების მხარეს შედარებით უკეთაა დამუშავებული. ეკლესია დაზიანებულია. ჩამონგრეულია სახურავი და კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან არ არის გამოყოფილი. დარბაზის შუაში შემორჩენილია ქვიშაქვის ოთხწახნაგა ქვასვეტები, რომელიც კუთხეებმომრგვალებული მოზრდილ ქვაზეა დადგმული.
რესურსები ინტერნეტში
- www.dzeglebi.ge არშის ციხე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა