ჯიხვი
ჯიხვი | |
---|---|
აღწერა | |
ორი ცხოველის საერთო სახელი | |
მშობლიური ტაქსონი | |
თხა (Capra) | |
სახეობები | |
ჯიხვი — დიდი ზომის თხა წყვილჩლიქოსნების რიგისა. ცნობილია ორი სახეობა: ყუბანური ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica) — გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში, და დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ლათ. Capra caucasica cylindricornis) — ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში (მწვერვალ შხარის აღმოსავლეთით). მისი სხეულის სიგრძე 165 სმ, სიმაღლე მინდაოში — 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14 სმ, მასა 80 (ზოგი 100 კგ) აღწევს. ჯიხვები ბინადრობენ ალპურ და სუბალპურ მდელოებზე. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა გრძელდება 150-160 დღე-ღამემდე. შობენ 1 თიკანს. სქესობრივად მწიფდებიან 2 წლისა. ჯიხვი შინაურ თხას ეჯვარება, რის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი ჯიხვთხა, რომელიც, განსაკუთრებით კი ვაცი, ზომა-წონით ორივე მშობელს სჭარბობს. ჯიხვი ტყვეობას ადვილად ეგუება და მალე თვინიერდება.
ლიტერატურა
- არჩილ ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 569.