გაგრის ქედი
გაგრის ქედი — ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, აფხაზეთის კავკასიონში. მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა მდინარეების მზიმთისა და ლაშიფსის სათავეებთან.[1] წარმოადგენს მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფს. სიგრძე 54 კმ. უმაღლესი ადგილია მწვერვალი აგეფსთა (3257 მ). ქედის შტო ქალაქ გაგრის მიდამოებში მჭიდროდ უახლოვდება შავ ზღვას.[2]
გაგრის ქედი | |
---|---|
![]() გაგრის ქედი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | აგეფსთა |
სიმაღლე | 3257 მ |
სიგრძე | 54 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა, ქვიშაქვა, ბრექჩიული და შრეებრივი კირქვა, პორფირიტი და ტუფი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაგრის ქედის განშტოებებიდან გამოსაყოფია: არაბიკა-მამძიშხის, აიბღის, ფშეგიშხის, ახაგის, ბერჭილის, ხირკისა და გეგის ქედები. მნიშვნელოვანია არაბიკისა და ახაგის მასივები, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია სანდრიფშის უღელტეხილით (2177 მ). მაღალი მთებია ახაგის მთა (2732 მ), არაბიკა (2656 მ), აწითაქუ (2538 მ), ხირკა (2432 მ). ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია უღელტეხილი ახუკდარა (2072 მ). რიწის ტბის ქვაბული წარმოიქმნა სწორედ გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.[3]
გაგრის ქედის ჩრდილო განშტოებაზეა გეგის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მ-ს აღწევს. გაგრის ქედზე წელიწადში რამდენიმე დღე დამახასიათებელია მკვრივი ყინულის ფენა — ლიპყინული. გაგრის ქედი, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დიდ როლს თამაშობს აფხაზეთის კლიმატის ფორმირებაში.[4] ქედის სამხრეთი მონაკვეთი აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებსაც კვეთენ მდინარეები ჟოეკვარა, იუფშარა და სხვები და ქმნიან კანიონისებრ ხეობებს, შუა ნაწილი — ლუზიტან-ტიტონური რიფული, ბრექჩიული და შრეებრივი კირქვებით, ჩრდილოეთი ნაწილი — ბაიოსური პორფირიტებითა და ტუფებით.[2]
გაგრის ქედზე მეოთხეული გამყინვარების ნიშნებია. ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე არის თანამედროვე მყინვარებიც. თითქმის ყველგან გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმები, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია გაგრის ქედის დასავლეთი ნაწილი — არაბიკის მასივი, სადაც არის მსოფლიოს უღრმესი მღვიმე ვერიოვკინი. აქვეა კრუბერის გამოქვაბული და სარმის მღვიმე. გაგრის ქედის თხემური ზონა ქარაფოვანია და ძლიერ დანაწევრებული. გაგრის ქედი დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, ზემოთ ალპური და სუბალპური მდელოებია. ბზიფის, იუფშარას და გეგას ხეობებით საავტომობილო გზა მიემართება რიწის ტბისაკენ.[2]
სქოლიო
- ↑ ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 530.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 614.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 401.
- ↑ Гагрский хребет — Мегаэнциклопедия Кирилла и Мефодия
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted