ცხავათის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

ცხავათის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ადგილ "ბუჯაურთაში" და საშუალო ზომის დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესიაა სამხრეთი მინაშენით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვა. დარბაზის მთელ პერიმეტრს შემოუყვება ხარისხი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო არქიტრავული, საფეხუროვანი სარკმელია. საკურთხეველი ორი საფეხურით მაღალია დარბაზთან შედარებით. კედელთან, სარკმლის ქვემოთ, ტრაპეზის ქვაა მიდგმული. კამარის ქუსლებთან კოჭის ბუდეებია ამოღებული. ინტერიერის კედლები შელესილია. მოხატულობის კვალი არ ჩანს. სამხრეთით გაჭრილია არქიტრავული კარი. მინაშენის მხოლოდ ნაწილი გადარჩა, მთავარი დარბაზი კი კარგადაა შემონახული. ფასადები სადაა. წყობაში ჩატანებულია გრძელი ფლეთილი ქვები. სამხრეთ ფასადს თითქმის მთლიანად გაუყვება თარო-ლავგარდანი, ჩრდილოეთი კედელი გარედან მიწის პირზე, ხოლო აღმოსავლეთი კედლის ნაწილი მიწაშია. ეკლესიის გარშემო გალავნის ნანგრევებია. არის ძველი საფლავის ქვებიც.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 232-233