ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები
ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონები, გაუდაბნოებული სავანები — ტროპიკების ბუნებრივი ზონები, სადაც გაბატონებულია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი. ვრცელდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ უდაბნოების სამხრეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ასეთივე უდაბნოების ჩრდილოეთ პერიფერიის გასწვრივ, შიგაკონტინენტურ და დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში, აგრეთვე უდაბნო ღრმულების განაპირა უფრო ნოტიო ნაწილში.
გავრცელებულია აფრიკაში — საჰარის სამხრეთით, აგრეთვე ნამიბის უდაბნოს დანესტიანებულ უბნებზე და კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით; აზიაში — არაბეთის ნახევარკუნძულზე, ინდოეთსა და პაკისტანში (თარის ვაკის გარე ფართო ზოლი); სამხრეთ ამერიკაში — ატაკამის უდაბნოს ჩრდილოეთ და ბრაზილიის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში (სადაც „კაატინგას“ უწოდებენ); გვხვდება აგრეთვე ავსტრალიის ცენტრალური დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში.
გარდა ამისა, წარმოქმნის სიმაღლებრივ სარტყელს მთის ქვედა ნაწილებში (ეთიოპიისა და მექსიკის მთიანეთში). ჰავა ცხელია და მშრალი. ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურებია 30°C-მდე, მაქსიმალური 50°C-მდე, ზამთრობით 12–20°C-მდე კლებულობს. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 670–837 კჯ/სმ² (160–200 კკალ/სმ²) სითბოს. ნალექები 200–250 მმ წელიწადში, მთებში — 400–500 მმ-მდე. ზედაპირული ჩამონადენი უმნიშვნელოა; მუდმივი მდინარეები ცოტაა. ტროპიკული სარტყლების ნახევარუდაბნოს ზონებში ჭარბობს წითელ-მურა ნიადაგი. მცენარეულობა უმთავრესად ქსეროფილური კორდიანი მარცვლოვანები და ბუჩქნარია, ზოგან გამეჩხერებული ჯუჯა ხეებია. ცხოველები უდაბნოსი და სავანისაა. განვითარებულია მომთაბარე მესაქონლეობა, სარწყავი მიწათმოქმედება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 58.