ბაგრატის ტაძრის წარწერები
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/2016_Kutaisi%2C_Katedra_Bagrati_%2808%29.jpg/300px-2016_Kutaisi%2C_Katedra_Bagrati_%2808%29.jpg)
ბაგრატის ტაძრის წარწერები — ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები. მთავარი სამშენებლო წარწერა, რომელშიც ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი და დედამისი — გუარანდუხტ დედოფალი იხსენიებიან, ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის სარკმლებს ზემოდან შემოვლებული ჩუქურთმიანი თაღედის ქვედა ბრტყელ წახნაგზე. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა) იგი 1001-08-ით თარიღდება. ჩრდილო კედელზე, აღმოსავლეთ მკლავის ჩრდილო სარკმლის ქვემოთ ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე, სარკმლის ღიობის ორივე მხარეს ამოკვეთილია ორი წარწერა: შედარებით ვრცელი, 6-სტრიქონიანი, მარცხენა წარწერა შინაარსით მემორიალურია და შეიცავს ბაგრატ III-ის განდიდების ტექსტს: „ქ. ჵ. მეუფეო, მფლობელთა ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი. აფხაზთა და ქართველთა მეფეჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“. ტექსტის მონაცემებით (ბაგრატ III-ის ტიტულატურა, მისი დედისა და მამის ცოცხლად მოხსენიება) ეს წარწერაც, აღმოსავლეთ ფასადის წარწერის მსგავსად, 1001-08-ით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერის ტექსტი ასეთია: „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, ესე იგი 1003. ეს წარწერა ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად გადმოსცემს თარიღს არაბული ციფრებით (მანამდე და შემდეგაც კარგა ხანს ისინი ასონიშნებით გადმოიცემოდა).
იხილეთ აგრეთვე
წყარო
- დასავლეთ საქართველოს წარწერები, შემდგენელი: ვალერი სილოგავა; ნაკვეთი 1, თბ., 1980;
- ქართული წარწერების კორპუსი (IX-XIII სს.), შემდგენელი: ნ. შოშიაშვილი, ნაკვეთი 1, თბ., 1980.
ლიტერატურა
- სილოგავა ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 322.