შინაარსზე გადასვლა

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:56, 23 ივნისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Jaba ioseliani.jpg
ჯაბა იოსელიანი
ფაილი:Tengiz Kitovani in Rkoni (cropped).jpg
თენგიზ კიტოვანი
ფაილი:თენგიზ სიგუა.jpg
თენგიზ სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოსაქართველოს მმართველი ორგანო პუტჩის შემდგომ 1992 წლის 2 იანვრიდან 10 მარტამდე. საბჭოს წევრები იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა. სამხედრო საბჭომ ძალაუფლება გადააბარა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს.

ისტორია

შეიქმნა 1991 წლის დეკემბერში, საქართველოს სამოქალაქო ომის დროს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განდევნამდე რამდენიმე დღით ადრე. საბჭოს თვითგაცხადებული მიზანი იყო არჩევნების ჩატარებამდე წესრიგის დაცვა და ეკონომიკური რეფორმების ჩატარება. მასთან არსებობდა პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გამსახურდიასადმი ოპოზიციური პარტიები იყვნენ წარმოდგენილნი. 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭომ გააძევა ქვეყნის პრეზიდენტი, დროებით შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაითხოვა უზენაესი საბჭო და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულება დროებით დაავალა თენგიზ სიგუას.

3 იანვარს სამხედრო საბჭომ თბილისსში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, აკრძალა ყოველგვარი მიტინგი და დემონსტრაცია[1]. 6 იანვარს სამხედრო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტი გამოაცხადა საქართველოს სსრ სამართალმემკვიდრეებად და ბრალი დასდო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ავტორიტარულ მმართველობასა და ხელისუფლების უზურპაციაში. 10 იანვარს სამხედრო საბჭომ პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თ. სიგუას წინადადებით დაადგინა შემდეგი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგეს საკრებულოთა საქმიანობა; საკრებულოებმა ათი დღის ვადაში ჩაატარონ გამგეობის არჩევნები ფარული კენჭისყრით; გამგეობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად წარედგინოს რესპუბლიკის დროებით მთავრობას; პრემიერ მინისტრის დროებით შემრულებელს თ. სიგუას მიეცეს თბილისის მერის არჩევის უფლება და სხვა[2].

21 იანვარს მარტვილში გაიმართა სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჯაბა იოსელიანისა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულის გია ყარყარაშვილის შეხვედრა უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვალტერ შურღაიასთან და ზუგდიდის ყოფილ პრეფექტთან ა. ქობალიასთან. საუბრისას ჯაბა იოსელიანმა მხარეებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 21 ინვრის ბოლომდე ზუგდიდში განლაგებულმა სამხედრო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაყარონ იარაღი და უზრუნველყონ ზუგდიდის უმსხვერპლოდ განთავისუფლება[3].

სამხედრო საბჭომ მიიღო რამდენიმე ლიბერალური გადაწყვეტილება: აღადგინა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია, გამოაცხადა მთავრობისგან პრესის თავისუფლება, პატიმრობიდან გაათავისუფლა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ტორეზ კულუმბეგოვი. სამხედრო საბჭომ მიიღო ასევე რუსეთის მიმართ ლოიალური გადაწყვეტილებები: აღადგინა ურთიერთობა რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქთან და გამოყენებიდან ამოიღო ტერმინი „საოკუპაციო ძალები“, თავდაცვის მინისტრად დანიშნა საბჭოთა გენერალი ლევან შარაშენიძე.

სამხედრო საბჭომ აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და არალეგიტიმურად გამოაცხადა საბჭოთა კონსტიტუციაზე დამყარებული ყველა მმართველობა, გამსახურდიას მმართველობის ჩათვლით. საბჭომ 1992 წლის 11 ოქტომბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ჯაბა იოსელიანის ინიციატვით სამხედრო საბჭომ გამოაცხადა ამნისტია, რომლითაც 8000-მდე პატიმარი გათავისუფლდა, რამაც გაზარდა ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი.

7 მარტს სამხედრო საბჭოს მოწვევით რუსეთიდან ჩამოვიდა სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. 10 მარტს სამხედრო საბჭომ ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა და თვითლიკვიდირდა.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. „საქართველოს რესპუბლიკა“, №01, 8 იანვარი, 1992
  2. „საქართველოს რესპუბლიკა“, №04, 11 იანვარი, 1992
  3. „საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted