შინაარსზე გადასვლა

აცეტილქოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აცეტილქოლინი
Acetylcholine.svg
ACh-stick.png
ზოგადი
ქიმიური ფორმულაC7H16NO2
მოლური მასა146.21 /მოლი
კლასიფიკაცია
PubChem187
EINECS200-128-9
SMILESScript error: No such module "collapsible list".

აცეტილქოლინი — ქოლინის ძმარმჟავა ეთერი, ქიმიური ფორმულით C7H16NO2. არის უფერო კრისტალური ნივთიერება.

თვისებები

ადვილად იხსნება წყალში, სპირტში, ქლოროფორმში, არ იხსნება ეთერში. მოლეკულური მასა 163,2. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. ასრულებს შუამავლის — მედიატორის როლს ნერვულ ქსოვილსა და ეფექტორს შორის. აქტიურ მდგომარეობაში აცეტილქოლინი წარმოიქმნება ძმარმჟავასა და ქოლინისაგან ფერმენტ ქოლინაცეტილაზის გავლენით; აცეტილქოლინი ადვილად იშლება ქოლინესთერაზების ჯგუფის ფერმენტებით.

ფუნქციები

ცილებსა და ლიპიდებთან არააქტიური შენაერთის სახით გვხვდება ნერვულ ქსოვილში, სადაც გრამზე საშუალოდ 0,5 — 2,0 გამის (გრამის მემილიონედი ნაწილი) რაოდენობითაა; ზოგი პათოლოგიური მდგომარეობის დროს აცეტილქოლინის რაოდენობა სისხლში მატულობს. აცეტილქოლინი დაგროვილია ნერვულ დაბოლოებებში (სინაფსებში), სახელდობრ, აქსონის პრესინაფსური მემბრანის ბუშტუკებში (ვეზიკულებში), რომლებიც აცეტილქოლინის სათავსს წარმოადგენენ. ნერვის აგზნების შედეგად აცეტილქოლინი ბუშტუკებიდან გადადის სინაფსურ ნაპრალებში და ნერვული იმპულსი გადააქვს პოსტსინაფსურ მემბრანებზე, რომლებიც ეფექტორზეა მოთავსებული. ეფექტორი შეიძლება წარმოდგენილი იყოს კუნთის ფიბრილით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის უჯრედით, ნეირონითა და სხვა. აქ აცეტილქოლინი მოქმედებს ცილა-რეცეპტორზე და იწვევს პოსტსინაფსური მემბრანის დეპოლარიზაციას, ესე იგი განმუხტვას. აქედან იწყება ეფექტორის აგზნება და მისი ამოქმედება. ცილა-რეცეპტორზე მოქმედების შემდეგ აცეტილქოლინი შემადგენელ კომპონენტებად იშლება და ინაქტივირდება. თითოეულ ნეირონზე სინაფსის სახით ბოლოვდება რამდენიმე ასეული და ათასეული აქსონი. თავის ტვინში კი ნეირონების რიცხვი რამდენიმე მილიარდს აღწევს. ნეირონების ურთიერთკავშირი, ინფორმაციის გადაცემა უმთავრესად აცეტილქოლინით და ელექტრული იმპულსებით ხდება. ნერვული ქსოვილის გარდა აცეტილქოლინისადმი განსაკუთრებულ მგრძნობელობას იჩენს გლუვკუნთოვანი სისტემა. ორგანოებსა და ქსოვილებში აცეტილქოლინი იწვევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ელემენტების აგზნებისათვის დამახასიეთებელ ეფექტს (გულის ცემის გაიშვიათება, არტერიების გაგანიერება, სისხლის წნევის გაგანიერება, თვალის გუგის შევიწროება და სხვა). ქოლინესთერაზის ზოგიერთი ინჰიბიტორების მოქმედების შედეგად ორგანიზმში ჭარბად გროვდება დაუშლელი აცეტილქოლინი, რასაც ჯერ უჯრედის აგზნება, ხოლო შემდეგ დამბლა მოსდევს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში