ბაძგი
ბაძგი, ჭყორი (ლათ. Ilex) — მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. აქვს მარტივი, ტყავისებრ ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლები. ნაყოფი კურკიანაა, წითელი ან შავი, იშვიათად ყვითელი.
შეიცავს 400-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. 3 სახეობა იზრდება კავკასიაში. ესენია: წვრილნაყოფა ბაძგი (ლათ. Ilex stenocarpa) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჰირკანული ბაძგი (ლათ. Ilex hyrcanica) — თალიშში და კოლხური ბაძგი (ლათ. Ilex colchica) — საქართველოში.
კოლხური ბაძგი 2,5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია; ქვეტყეს ქმნის ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში). ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. კულტივირებულია ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა მოშენებულია საქართველოში. მათგან აღსანიშნავია პარაგვაული ბაძგი ანუ პარაგვაული ჩაი, რომლის ფოთლებისაგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ამზადებენ ჩაის - მატეს.
ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია, აშენებენ ცოცხალ ღობეებად. მაგარსა და მძიმე მერქანს იყენებენ სადურგლო-სახარატო საქმეში. ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი იხმარება მედიცინასა და კულინარიაში. სახეობათა უმრავლესობა შეიცავს მთრიმლავ, ცხიმოვან და საღებარ ნივთიერებებს, ზოგი A1, B2 და C ვიტამინებს.
გალერეა
-
კოლხური ბაძგი
ლიტერატურა
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 253.