მიხეილ ლომიძე
მიხეილ ლომიძე (დ. 1899, ლიჩი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, — გ. 1977) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1949-1951 და 1957-1959), იუსტიციის მინისტრი (1955-1957). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III-IV მოწვევის დეპუტატი.
ბიოგრაფია
მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე დაიბადა 1899 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1911 წელს დაამთავრა სოფლის დაწყებითი სკოლა, შემდეგ — ჭიათურის საშუალო სკოლა და დაიწყო შრომითი საქმიანობა - მუშაობდა დაწყებითი სკოლის პედაგოგად.
1919 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური კურსები და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება. 1920-1921 წლებში მსახურობდა არმიაში, შემდეგ სხვადასხვა პარტიულ სამუშაოზეა. 1938-1941 წლებში უზენაესი სასამართლოს წევრია.
1941-1942 წლებში — ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარე. 1942-1949 წლებში მუშაობდა სამხედრო პროკურორად. ორჯერ, სხვადასხვა დროს, აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ: 1949-1951 წლებში და 1957-1959 წლებში.
1952-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურორად, 1953 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ხოლო 1955 წლიდან - იუსტიციის მინისტრი. გარდაიცვალა 1977 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები
- მიხეილ ლომიძის ბიოგრაფია (III მოწვევა)
- მიხეილ ლომიძის ბიოგრაფია (IV მოწვევა)
|