ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი — ქართული თეატრი თბილისში მოზარდებისათვის. აღნიშნული სახელწოდებით თეატრი ფუნქციონირებდა 1928-1998 წლებში.
ისტორია
პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს ნატალია საცის „ფრიც ბაუერი“ (ოპერისა და ბალეტის თეატრში 1928 წლის 11 ნოემბერს). სპექტაკლი დადგა თეატრის დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ა. თაყაიშვილმა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თეატრის უმნიშვნელოვანესი მიღწევები. მას მოჰყვა სერგეი ზაიაიცკის „რობინ ჰუდი“, ვ. კურდიუმოვის „კაცი შავი სათვალეებით“, ნ. ოგნევის „ჰაიავატა“, მ. კლარპიცკაიას „დამსმენი“ და სხვა. თეატრის პირველი მსახიობები იყვნენ: თამარ თვალიაშვილი, გ. კუპრაშვილი, მ. ერგნელი, მ. ქორელი, ბორის გამრეკელი, ბაბო გამრეკელი, გიორგი დარისპანაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ვ. კობელი და სხვა.
XX საუკუნის 30-იანი წლების თეატრის ცხოვრებას სათავეში ედგნენ ალექსანდრე თაყაიშვილი და ბ. გამრეკელი. მათ ეკუთვნოდათ თითქმის ყველა დადგმა: შალვა დადიანის ,,ბოთე და კუსპარა,” კ. ბუაჩიძის და ს. მთვარაძის ,,აურიე რგოლი,” დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ო. თუმანიანის „გიქორი“, მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, გიორგი ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის ,,ნაცარქექია,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,პატარა მეომრები,” აკაკი წერეთლის „პატარა კახი“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“ და სხვა. 40-იან წლებში დაიდგა უილიამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და ,,ჭირვეულის მორჯულება,” ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი,“ ფრიდრიხ შილერის „ვილჰელმ ტელი“.
50-იან წლებში წარმოდგენებს დგამდნენ გამოცდილი და ახალგაზრდა რეჟისორები: ა. ჩხარტიშვილი, გ. ჟურული, ს. ჭელიძე, ლ. იოსელიანი, კ. სურმავა, ო. ალექსიშვილი, ა. ქუთათელაძე და სხვები. ამ პერიოდში დადგმულ სპექტაკლებში – ვ. დარასელის ,,კიკვიძე,” ვ. როზოვის ,,მისი მეგობრები,” ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობი,” ფრიდრიხ შილერის ,,პრინცესა ტურანდოტი” (კარლო გოცის მიხედვით), ალექსანდრე აფინოგენოვის ,,მაშენკა,” გიორგი ნახუცრიშვილის ,,კომბლე” გამოჩნდა ახალი აქტიორული სახეები.
თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ელენე ახვლედიანი, სიმონ ვირსალაძე, პეტრე ოცხელი, ი. სუმბათაშვილი, ნიკოლოზ ყაზბეგი, დიმიტრი თაყაიშვილი , ფარნაოზ ლაპიაშვილი, მ. მალაზონია, მ. ჭავჭავაძე, ა. რამიშვილი, მურაზ მურვანიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ი. გეგეშიძე, თემურ ნინუა, ა. ჭელიძე და სხვები.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა თ. მაღალაშვილმა, ნ. ხატისკაცმა და თ. ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” „დარისპანის გასაჭირი“, „კიკვიძე“, „დონ სეზარ დე ბაზანი“.
50-70-იან წლებში საინტერესო სცენურ სახეებს ქმნიდნენ თეატრის წამყვანი მსახიობები: გ. რევაზიშვილი, ა. ფხალაძე, ნ. ცერცვაძე, რ. თავართქილაძე, ფ. სონღულაშვილი, ლ. ძიგრაშვილი, ი. ელისაშვილი, მ. აბაშიძე, ხ. იოსელიანი, ი. ტყავაძე, ე. ასლამაზიშვილი, ე. სიხარულიძე, ლ. მექვაბიშვილი, ც. ჟორჟოლაძე, ო. ბაღათურია, ვ. მაზმიშვილი, ტ. გიორგაძე, ბ. ხაფავა, ნ. მაჭავარიანი, ნ. პაატაშვილი, ლ. ჯაყელი, ო. სეთურიძე, მ. გოგიჩაიშვილი, შ. ქრისტესაშვილი, ბ. ჯაფარიძე, ნ. ჯავახიშვილი, ჯ. ფილფანი, ა. იოსელიანი და სხვები.
თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არა ერთი თაობა აღუზარდა ეროვნულ სასცენო ხელოვნებას და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური,” ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვილის ,,ირინეს ბედნიერება” (დაჯილდოვდა კოტე მარჯანიშვილის პრემიით) და ,,ქამუშაძის გაჭირვება,” ბერტოლდ ბრეხტის ,,სიმონა მაშარის სიზმრები,” ბორის ლავრენევის ,,რღვევა,” მ.ჯაფარიძის ,,ჩვენებურები,” (დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით), ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა,” ირაკლი სამსონაძის ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე.” ამ სპექტაკლებში დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს მსახიობებმა: გ.ძნელაძემ, ნ.ბერაძემ, თ.ლოლაშვილმა, გ.მახათაძემ, მ.თევზაძემ, ა.მახარობლიშვილმა, იოსებ მოლოდინაშვილმა,თ. მამულაშვილმა, ბ. მეგრელიშვილმა, მ.შარიქაძემ, მ.ჩართოლანმა, მ.ბარდაველიძემ, ქ.შერვაშიძემ და სხვებმა.
შემდგომ პერიოდში თეატრში მუშაობდა ნიჭიერი რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, რომელმაც განახორციელა დადგმები: გ. მამლინის „სალამი დინოზავრებს!“ ვალერი აგრანოვსკი „შეაჩერეთ მალახოვი!“, იაკობ გოგებაშვილის „იავნანა“, ასტრიდ ლინდგრენის „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, თამაზ ბაძაღუას „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“, ედმონ როსტანის „შანტეკლერი“.
აღსანიშნავია ოთარ ბაღათურიას, როგორც მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის მოღვაწეობა. მისი სპექტაკლები: ვლადიმერ ტენდრიაკოვის „ბანკეტი“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, მისივე „ამიკო“ და „ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?“ (იაროსლავ სტელმახის მიხედვით) ღირსეულ ადგილს იკავებდნენ თეატრის რეპერტუარში.
თეატრი ხშირად დადიოდა საგასტროლოდ საქართველოს ქალაქებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა) რაც სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.
1998 წელს გაერთიანდა მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები გაერთიანდა საერთო სახელწოდებით ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დახმარებით.
2013 წელს თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, თეატრს კვლავ დაუბრუნდა ძველი სახელი და ეწოდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
2013 წლიდან დღემდე თეატრმა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დადგმა განახორციელა: ლევან წულაძის დადგმული უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", მედეა კუჭუხიძის "პატარძლის ამორჩევა" (ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით), დათა თავაძის "ზამთრის ზღაპარი" (უ.შექსპირი), გიორგი ქანთარიას "სამი მუშკეტერი" (ა.დიუმა), კოტე მირიანაშვილის "სალამურა" (ა.სულაკაური), ოთარ ბაღათურიას "სარჩობელაზედ" (ი.ჭავჭავაძე), "მეფე ლირი თავშესაფარში" (ო.ბაღათურია), მანანა ბერიკაშვილის "ჩვენ გველის დიდება" (კ.გორნი), ბესო კუპრეიშვილის "მზის სხივი" (პოპესკუ), ნიკა საბაშვილის "მაუგლი" (რ.კიპლინგი), "1945" (ნ.საბაშვილი), გოგა თავაძის "ჯუჯა ცხვირი" (ვ.ჰაუფი), ირაკლი კავსაძის "პატარა უფლისწული" (ეგზიუპერი), გიორგი ჩალაძის "NO EXIT" და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმები: "აურზაური არაფრის გამო" (უ.შექსპირი), "ირინეს ბედნიერება" (დ.კლდიაშვილი), "სეილემის პროცესი" (ა.მილერი), "ბილოქსი ბლუზი" (ნ.საიმონი), "მე ვხედავ მზეს" (ნ.დუმბაძე, გ.ლორთქიფანიძე), "სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" (ა.მირიანაშვილი, დ.ხვთისიაშვილი), "ავი მუსაიფი" (ნ.მაჭარაშვილი) და სხვ. თეატრში განხორციელდა გია მარღანიას ქორეოდრამა "ევანგელიონი". საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივმა დადგმებმა: "რწყილი და ჭიანჭველა" (ხალხური) და "ოტელო" (უ.შექსპირი). თეატრი არაერთ ფესტივალზე იყო მიწვეული დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, ლიეტუვაში, სერბეთში, ბელარუსში, მაკედონიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, ისრაელში, სომხეთში, ალბანეთში, ხორვატიაში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, ეგვიპტეში, უზბეკეთში, რუმინეთში და სხვა. განხორციელდა ერთობლივი დადგმები მინსკისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრებთან. სპექტაკლმა "1945" მიიღო პრემია "დურუჯი", "რწყილი და ჭიანჭველას" სადადგმო ჯგუფმა (დ.ხვთისიაშვილი, გ.მარღანია, ნ.ფაიქრიძე, ნ.ნანიტაშვილი, მ.ხუხუნაიშვილი) შალვა დადიანის პრემია მიიღეს. ნიკა ნანიტაშვილი ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა, ხოლო დ.ხვთისიაშვილი და გ. მარღანია კაიროს ფესტივალზე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის დააჯილდოვეს.თამარ მამულაშვილი სპექტაკლებში "სეილემის პროცესი" და "NO EXIT" შესრულებული როლებისთვის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო დ.ხვთისიაშვილი "ირინეს ბედნირების", "აურზაური არაფრის გამო" და "სეილემის პროცესის" დადგმისთვის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით. სპექტაკლებში დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს ნ.ყურაშვილმა, პ.ნოზაძემ, დ.ხახიძემ, ზ.ავსაჯანიშვილმა, კ.თოლორდავამ, ნ.ლეჟავამ, დ.როსტომაშვილმა, ვ.ახალაძემ, გ,გოგიშვილმა, ნ.კუპატაძემ, ნ.ანდრიაძემ, მ.ხორნაულმა, ქ.ქიტიაშვილმა, ნ.გელაძემ, ვ.ნოზაძემ, ვ. ჩაჩანიძემ, ი.გოგოლაძემ, კ.ჭოლაძემ და სხვებმა. ახალგაზრდა მსახიობთა მთელი პლეადა შეემატა დასს, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ თეატრის ისტორიაში: შ.ანთელავა, ნ.ფაიქრიძე, გ.კაჭახიძე, მ. ჩუხრუკიძე, ა. ზამბახიძე, ქ. ჩაჩუა, ნ. ნანიტაშვილი, თ.ჯავახაძე, ხ.მელქაძე, ნ.არჩაია, გ.ჯიქურიძე, ვ.დუგლაძე, გ. ყორღანაშვილი, რ.გოგუაძე, გ. შავგულიძე, თ.ტყემალაძე, ლ.გვაზავა, თ. ჭანუყვაძე, თ. ცქვიტინიძე, რ. ნავაძე, მ.ხუხუნაიშვილი, ლ.გრძელიძე და სხვ. მუშაობდნენ მხატვრები: ა.ჭელიძე, ნ. ჩიტაიშვილი, გ.მესხიშვილი, ლ. მურუსიძე, ბ.ასლამაზი, ვ. ქორიძე, მ.სხირტლაძე, ქ.ნადიბაიძე, ნ.კიტია, ა.კალატოზიშვილი და სხვები თეატრის წინ გაიხსნა რეზო თავართქილაძის, ბერტა ხაფავას, ოთარ ბაღათურიას, ლადო მექვაბიშვილის, ლეილა ძიგრაშვილის, ნათელა მაჭავარიანის, პავლე ნოზაძის, თამარ მამულაშვილის ვარსკვლავები. 2018 წლის 18 აპრილს თეატრის საიუბილეო საღამო (90) გაიმართა, გამოიცა საიუბილეო კრებული (შემდგენელი დ.ხვთისიაშვილი)
დირექტორები
თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის არსებობის პერიოდში (1928-1998) დირექტორები იყვნენ:
- ელიზბარ ზედგენიძე — (1928-)
ლიტერატურა
- თაყაიშვილი ა., მოგონებანი, თბ., 1969;
- კუპრაშვილი გ., მე ისევ თქვენზე ვფიქრობ, თბ., 1962;
- ღვინიაშვილი ა., მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი, თბ., 1956;
- ცხომარია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 609.
- ხვთისიაშვილი დ., მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 (საიუბილეო ალბომი), თბ., 2018.