ომაიანთა სახალიფო
ომაიანთა სახალიფო, დამასკოს სახალიფო — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც განაგებდნენ ომაიანთა დინასტიის ხალიფები. დედაქალაქის სახელის მიხედვით ეწოდება აგრეთვე დამასკოს სახალიფო. ხალიფებს ეკუთვნოდათ სასულიერო და საერო ხელისუფლება. ომაიანებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი, მცირე აზია, სინდი, ტაბარისტანი და გორგანი. VI-VII საუკუნეების მიჯნაზე განიმტკიცეს მდგომარეობა ამიერკავკასიაშიც. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეული — თბილისის საამირო.
ისტორია
ომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: უშრი (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და ხარაჯა არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით VII საუკუნის ბოლოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხარეებთან, სახელმწიფო ენად არაბული გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა სპარსული და ბერძნული ენები. სასანური და ბიზანტიური მონეტები შეიცვალა ოქროს დინარებით და ვერცხლის დირჰემებით, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – ჯიზიის გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად 700 წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, ისლამის გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც ომაიანებმა ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. VIII საუკუნიდან გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვითარების გასანელებლად ხალიფა უმარ II (717-720 წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს 700 წლის კანონი.
ომაიანთა მმართველობის დასასრული
არაბთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კერა იყო ამიერკავკასია. 736-738 წლებში ომაიანებმა ამიერკავკასიაში მოაწყვეს დამსჯელი ლაშქრობა მურვან ყრუს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ აგრეთვე ირანელი ფეოდალები (დეჰყანები). ისინი დაუკავშირდნენ აბასიანებს, რომლებმაც ფართო მასების ანტიფეოდალური მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად ომაიანთა დინასტია დაემხო, ძალაუფლება აბასიანების ხელში გადავიდა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტში
- Umayyads Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Timeline of Islamic caliphs by Happy Books Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Interactive Family tree of Umayyah ibn Abd Shams by Happy Books Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted