შინაარსზე გადასვლა

სამგლე კლდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამგლე კლდე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აღმოჩენის წელი 1962
ტიპი კარსტული

სამგლე კლდეკარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე, სამერცხლე კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეებს შორის.

მღვიმე შედგება ერთმანეთთან ვიწრო ყელით გადაბმული 2 დარბაზისაგან. უკანა მაღალგუმბათოვანი და ბნელია. დარბაზის სიგრძეა 20 მ, სიგანე 13 მ, სიმაღლე — 6 მ. წინა დარბაზი ნათელია, მისი სიგრძე II დარბაზში გასასვლელამდე არის 19 მ, სიგანე ფასადის გასწვრივ — 35 მ, სიმაღლე ახლანდელი იატაკიდან 2,5 მ. ძეგლი აღმოაჩინეს 1962 წელს, გათხარეს 1963-67 წლებში (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). მღვიმეში ფიქსირებულია 2 მ სისქის 6 კულტურული ფენა. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია დისკოიდური ცალმხრივი, ერთფუძიანი და ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეცლამელები და სხვა. აღსანიშნავია მომწვანო ფერის რიყის ქვისაგან დამზადებული ჩოპერი, კაჟის მცირე ზომის ბიფასი, სახოკები, ლევალუაზური და მუსტიეური წვეტანები და სხვა. ფაუნა მდიდარი ჩანს. აღმოჩენილია მღვიმის დათვის (80 %), ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმისა და ჯიხვის ძვლები. საინტერესოა გიგანტური ირმის ოსტეოლოგიური ნაშთების აღმოჩენა, რაც მეტად იშვიათია. მღვიმე ნეანდერტალელი ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება.

სამგლე კლდეში გათხრილ ზედა კულტურულ ფენაში აღმოჩენილია პრიზმული ნუკლეუსები, სხვადასხვა სახის ფირფიტა, საფხეკები, ზურგდაბლაგული დანები და სხვა. ფენა პალეოლითის ბოლო პერიოდით თარიღდება. არქეოლოგიური მასალა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა