ქართული ენა
ქართული ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
გავრცელებულია | საქართველო, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 5 მლნ.-ზე მეტი |
ოფიციალური სტატუსი | საქართველო |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ქართველური ენები |
დამწერლობის სისტემა | ქართული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ka ISO 639-2: geo (B) kat (T) ISO/FDIS 639-3: kat |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ka}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — [[:ka:|ქართული ენა]] |
ქართული ენა — ქართველურ ენათა ოჯახის ენა. ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში
ქართული ენა ქართველურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
ქართული ენის გავრცელების არეალი
თეიმურაზ ბატონიშვილის აზრით ქართული ენა კავკასიაში თავიდანვე წარმოადგენდა მთავარ ენას. ქართული ენის გავრცელების არეალი ისტორიულად იცვლებოდა. გვიანი შუა საუკუნეების დროს მისი არეალი შემცირდა, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე ქართველთა დეეთნიზაციასთან. ასეთ ტერიტორიებს შორისაა ჰერეთი და ჭოროხის აუზი.
ისტორია
ქართული ენის წარმოშობის თეორიები
ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში. ადრე კაცობრიობის ენების ფუძეენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა.[1]
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტიკურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.[1]
ქართულ ენას უკავშირებდნენ მკვდარ ენებს (ხურიტული, ხეთური, შუმერული). იყო მცდელობა ქართული ენის ინდოევროპულ და ურალურ-ალთაურ (თურქულ) ენებთან დაკავშირებისა. მიმდევრები ჰყავს ბასკური და ქართული ენების მონათესავეობას. ივანე ჯავახიშვილმა და არნოლდ ჩიქობავამ საფუძველი ჩაუყარეს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის თეორიას, რომლის მიხედვით ქართული ენა ამ ოჯახის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ XXI საუკუნის ლიტერატურაში ქართულ ენას კავკასიურ ენათა ჯგუფთან აღარ აერთიანებენ. ბევრი მეცნიერისთვის ქართული განცალკევებით დგას. ქართველურ ენათა ჯგუფში ქართულთან ერთად შეჰყავთ სვანური და ზანური (მეგრულ-ჭანური).
სხვადასხვა შეხედულება არსებობს საერთოქართველური ენის შესახებ. ზოგიერთი მოსაზრებით ის უკვე მოქმედებდა ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში, სხვები კი ასეთ დროდ ძვ. წ. II-I ათასწლეულებს ასახელებენ. საკამათოა ქართველური ენიდან ქართული, სვანური და ზანური ენების გამოყოფის საკითხი. ზოგიერთი შეხედულებით სვანურის გამოყოფა ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდება, ზანურისა კი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. არსებობს მოსაზრება სვანური ენის ძვ. წ. X საუკუნეში გამოყოფის შესახებ, ხოლო ზანურის გამოყოფის პერიოდად ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა მიაჩნიათ. უკანასკნელ დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის დაშლა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოხდა.
ქართული ენის განვითარების საფეხურები
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა. ძველი ქართულის უძველეს ძეგლებად ითვლება დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე), იუდას უდაბნოს წარწერები (430) და წარწერები ბოლნისის სიონზე, რომელიც V საუკუნის ბოლო მეოთხედისა. პირველი თარიღიანი ხელნაწერია „სინური მრავალთავი“ (864), თარიღიან ოთხთავთა შორის ყველაზე ძველია ადიშის ოთხთავი (897), რომელიც დღეს მესტიის მუზეუმშია დაცული. V საუკუნიდან იქმნება ქართული ორიგინალური ლიტერატურა. პირველი ლიტერატურული ძეგლი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაა“.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო. არის მოსაზრება, რომ ქართული ენის საფუძველი გახდა ზედიალექტური კოინე — დედაქალაქის (მცხეთის) მეტყველება. XI-XII საუკუნეებში ქართული ენა იმდენად განვითარებული იყო, რომ ფილოსოფიურ თხზულებათა ქართულად თარგმნა და ინტერპრეტაცია დაუბრკოლებლად ხდებოდა (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი). ახალ ქართულ ენაზე შეიქმნა XII საუკუნის საერო ლიტერატურა (ვეფხისტყაოსანი, მეხოტბეთა პოეზია, საისტორიო ორიგინალური ნაწარმოებები, ნათარგმნი პოეზია). XVIII საუკუნეში ახალი ქართული ენის ჩამოყალიბების პროცესი დასრულებულია (დავით გურამიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი). XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან შეწყდა ქართული ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი, რაც დაკავშირებულია ანტონ I-ის მოღვაწეობასთან. ერთი საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ენის განვითარების ჩვეულებრივ ჩარჩოებში მოქცევასა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
1978 წლის 14 აპრილი
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის შესრულებას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა, საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა. მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც, როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.“
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა. ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.
სალიტერატურო ენის ნორმათა ჩამოყალიბების ისტორიიდან
მთავრულები ქართულში
ზოგიერთ უცხო ენაში (რუსული, ინგლისური, სომხური...) წინადადების პირველი წევრი და კერძო სახელები მთავრულით იწერება. XIX საუკუნეში იყო შემოთავაზება ამ წესის შემოღებისა ქართული ენისთვისაც. დიმიტრი ყიფიანი ამბობდა:
„რატომ ასომთავრულებს აღარა ვხმარობთ? ევროპული ქრისტიანული მართლწერა გეთაკილებათ, თუ უფრო თათრულსა და არაბულს ამჯობინებთ?“
| |
(ჟურნალი „ივერია“, 1880, N#1; გვ. 103)
|
მთავრულებს განსაკუთრებით იცავდა სილოვან ხუნდაძე. „სალიტერატურო ქართულში“ მან ჩამოაყალიბა თავისი აზრი. იგი ამბობს, რომ მხედრულში მთავრულებად გამოყენებული იყო ხუცური.[2] ძველად ხშირად წითლური იხმარებოდა, ე.ი. წითელი მელნით ან კინოვარით წერდნენ ხოლმე სათაურებს და „რომელიმე ტექსტის ინიციალებს“. მთავრულები ძალიან უადვილებს მკითხველს კითხვას. მათი შემოღება პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებულიაო.[1]
ჰაე და სანი ზმნაში
ჰ და ს პრეფიქსები ყოველთვის დაუსრულებელ დავას იწვევდა. ზოგიერთი გრამატიკოსი ამ ნიშნებს ზმნაში ზედმეტად მიიჩნევდა, ზოგიერთი ხელშეუხებლად მიიჩნევდა. საინტერესოა ის, რომ როდესაც მსჯელობდნენ ჰ და ს ნიშნების თაობაზე, ყურადღებას არ აქცევდნენ მათი გამოყენების მორფოლოგიურ წესს, — საკითხი განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკის თვალსაზრისით და გამოდიოდა, რომ ან ყველა ზმნასთან უნდა ეხმარათ ნიშნები, ან არც ერთთან.[1]
გრამატიკა
თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება.
ლექსიკა
ისევე, როგორც ყველა სხვა ენა, ქართული ენაც საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა სხვა ენების გავლენას. ქართული ენის სხვა ენებთან კონტაქტების შედეგად მრავალი ლექსიკური ერთეული შემოვიდა ირანული ენებიდან, ბერძნულიდან, არაბულიდან, თურქულიდან, რუსულიდან. შედარებით იშვიათია ებრაული, სირიული და სომხური ენებიდან ნასესხები სიტყვები. ამ სიტყვათა ერთი ნაწილი შემოსულია ლიტერატურული კონტაქტების შედეგად. ქართული მწერლობა ამდიდრებდა ენას დიალექტური ლექსიკური ერთეულებითაც.
კილოები
სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. კლასიფიკაციებს საფუძვლად უდევს გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული და სხვა პრინციპები.
აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.
შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.
არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.
გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული და თუშური; 6. გურული და აჭარული.
ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა) მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა) ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.
ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;
- ცენტრალური კილოები: ქართლური, კახური, ქიზიყური, იმერული, ლეჩხუმური, გურული.
- განაპირა კილოები: მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური;
- ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური;
- ფხოვური კილოები: ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე „ასოცირებულ“ დიალექტად განიხილავს წოვათუშურსაც, რომელიც შეიცავს როგორც ჩეჩნურ-ინგუშურის, ასევე ქართულის მსგავს ფენებს; რაჭული კოლები: ბარისრაჭული, მთარაჭული;
- სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
- ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
ქართულ ენას გააჩნია გარდამავალი, ანუ ნარევი დიალექტები, მაგ. ლიხის ქედის მიმდებარე სოფლებში ქართლურ და ზემოიმერულ კილოთა ნარევი მეტყველებაა გავრცელებული, იგივე შეიძლება ითქვას ცხენიწყლის ხეობაში ქვემოიმერულ და ლეჩხუმურ დიალექტებზე. იმერულისა და ქართლურის ნარევია ბორჯომის ხეობის მცხოვრებთა მეტყველება.
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.
ქართული დამწერლობა
ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას. ქართულ ენაში როგორც იწერება, ისე იკითხება, მას დიფთონგები არ აქვს.
ციტატები
იხილეთ აგრეთვე
- ქართული ზმნის პარადიგმა
- ქართული დამწერლობა
- ქართველური ენები
- პროტო-ქართველური ენა
- სვანური ენა
- ზანური ენა
ლიტერატურა
- ქართული ენა (ენციკლოპედია) გვ. 509. 2008 წ.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 475.
- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 90-95 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
რესურსები ინტერნეტში
- ლექსიკის სესხების ერთი თავისებურების შესახებ თურქეთის ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაში
- მიხეილ ქურდიანი „ქართული ენა და დამწერლობა“ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. თბილისი, საქართველო, 2008. ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 30 და დაბადებიდან 75 წლისთავს.
- ქართული ენა - მსოფლიოს უძველესი ენა
- ენა ჩვენი ქართული
- ,,ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა...
- ქართული ენა. ლადო ასათიანი
- ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სახელმძღვანელო
- ქართული ენა
- ქართული ენის საიდუმლოებები
- საქართველოს ხერხემალი » 3. ქართული ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ძველი ქართული ენა — ბიბლიოვიკი
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|