დემოკრატიის ინდექსი
სრული დემოკრატია: 9-10 8-8,9 არასრული დემოკრატია: 7-7,9 6-6,9 | ჰიბრიდული რეჟიმი: 5-5,9 4-4,9 ავტორიტარული რეჟიმი: 3-3,9 2-2,9 0-1,9 არასაკმარისი მონაცემები, შეუფასებელი |
დემოკრატიის ინდექსი — ინდექსი, რომელსაც ადგენს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი და ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა და 165 — გაეროს წევრი. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომლებიც ნაწილდებიან 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.[1] რიცხვობრივ ქულასა და რანგთან ერთად ინდექსი ახარისხებს ქვეყნებს და ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. ინდექსი პირველად 2006 წელს შეადგინეს, შემდგომში გამოვიდა 2008, 2010, 2011 და 2012 წლების ანალიზიც.[2]
მეთოდოლოგია
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,[3] დემოკრატიის ინდექსი არის საშუალო შეწონილი, რომელიც დამყარებულია 60 კითხვაზე, თითოეულს კი ორი ან სამი დასაშვები ალტერნატიული პასუხი გააჩნია. პასუხების ნაწილს იღებენ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა კვლევის შედეგებიც არ არსებობს, იყენებენ მსგავსი ქვეყნების მონაცემებს და ამგვარად ავსებენ ინფორმაციულ ნაპრალებს.
კითხვები ნაწილდება ხუთ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა, ხოლო 3 პასუხიანი კითხვების შემთხვევაში ემატება 0.5-ც. თითოეულ კატეგორიაში ჯამდება რიცხვები, მრავლდება ათზე და იყოფა კატეგორიაში არსებული კითხვების რაოდენობაზე. ზოგჯერ ერთი კითხვის პასუხი აზრს უკარგავს სხვა კითხვას. მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მეთაურის არჩევნები თავისუფლად არ ითვლება, მაშინ შემდეგი კითხვა „არის თუ არა არჩევნები მიუკერძოებელი?“ აღარ განიხილება, არამედ ავტომატურად ენიჭება 0 ქულა. მსგავსადვე, არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ დაბალი ქულა აისახება შესაბამისი კატეგორიის ჯამზეც. მაგალითად:
- „არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი“;
- „ამომრჩეველთა უსაფრთხოება“;
- „უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე“;
- „საჯარო მოსამსახურეების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა“.
ხუთი კატეგორიის ინდექსები, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი, გასაშუალოვდება, რათა მოცემული ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი იქნას მიღებული. საბოლოოდ დემოკრატიის ინდექსი მრგვალდება მეასედამდე და ამის მიხედვით წყდება, რეჟიმის ტიპების კლასიფიკაციაში სად მოთავსდება ესა თუ ის ქვეყანა.
მოხსენებას ხშირად იყენებენ საერთაშორისო პრესაში, ისევე როგორც აკადემიურ ჟურნალებში.[4]
ცვლილებები 2010 წლის შემდეგ
2012 წლის კვლევის მიხედვით, ნორვეგიამ 9.93 ქულა დააგროვა და 2010 წლიდან მოყოლებული, სიაში პირველ ადგილს იკავებს. მანამდე მოწინავე ქვეყანა შვედეთი იყო. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დაბალი, 1.08 ქულა აქვს და უკანასკნელ 167-ე ადგილზეა, ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში.[3]
დემოკრატიის საკითხში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება 2011-12 წლებში არ მომხდარა. ინდექსის მაჩვენებელი იგივე დარჩა 73 ქვეყნისთვის, გაუმჯობესდა 54-ისთვის და გაუარესდა 40-ისთვის. 2012 წლისთვის ლიბიას ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. 2012 წლის საშუალო ქულები ძალიან ჰგავს 2011 წლის შედეგებს. გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც საშუალო ქულა მეათედზე მეტით გაიზარდა - 3.62-დან 3.73-მდე და 3 ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან ჰიბრიდულზე გადავიდა (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო).[3]
2010-2011 წლებში 9 ქვეყანაში შეიცვალა რეჟიმის ტიპი, აქედან 4-ში - უარესისკენ. რუსეთი ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარულზე გადავიდა, რასაც კვლევის ავტორები უკავშირებენ 4 დეკემბრის არჩევნებსა და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კვლავ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პორტუგალიას ასევე გაუუარესდა მაჩვენებელი და არასრულ დემოკრატიაში გადაინაცვლა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზით მოხდა. ტუნისი, მავრიტანია, ეგვიპტე და ნიგერი ავტორიტარულიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდნენ, ზამბია კი - არასრულ დემოკრატიაში.[5]
დემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვით
მოცემული ცხრილი აჩვენებს იმ ქვეყნების რაოდენობასა და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტულ წილს, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრობენ 2012 წლის მონაცემებით:[3]
რეჟიმის ტიპი | ქულა | ქვეყნები (რაოდენობა) | ქვეყნები (%) | მსოფლიო მოსახლეობის წილი (%) |
---|---|---|---|---|
სრულად დემოკრატიულები | 8.0-10 | 25 | 15.0 | 11.3 |
არასრულად დემოკრატიულები | 6.0-7.9 | 54 | 32.3 | 37.2 |
ჰიბრიდული რეჟიმები | 4.0-5.9 | 37 | 22.2 | 14.4 |
ავტორიტარული რეჟიმები | 0-3.9 | 51 | 30.5 | 37.1 |
მსოფლიო მოსახლეობა გულისხმობს იმ 167 ქვეყნის ერთობლივ პოპულაციას, რომლებზეც კვლევა ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოტოვებული, ეს რიცხვი თითქმის უთანაბრდება მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის მაჩვენებელს.
დემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვით
მოცემული ცხრილი აჩვენებს საშუალო ინდექსს მსოფლიო რეგიონების მიხედვით და იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც 2012 წლის კვლევაში შევიდა:
რანგი | რეგიონი | ქვეყნები | 2006[6] | 2008 | 2010[7] | 2011[5] | 2012 |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩრდილოეთ ამერიკა | 3 | 8.64 | 8.64 | 8.63 | 8.59 | 8.59 |
2 | დასავლეთ ევროპა | 21 | 8.60 | 8.61 | 8.45 | 8.40 | 8.44 |
3 | ლათინური ამერიკა და კარიბები | 24 | 6.37 | 6.43 | 6.37 | 6.35 | 6.36 |
4 | აზია და ავსტრალაზია | 28 | 5.44 | 5.58 | 5.53 | 5.51 | 5.56 |
5 | ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა | 28 | 5.76 | 5.67 | 5.55 | 5.50 | 5.51 |
6 | სუბსაჰარული აფრიკა | 44 | 4.24 | 4.28 | 4.23 | 4.32 | 4.33 |
7 | ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა | 20 | 3.54 | 3.48 | 3.52 | 3.62 | 3.73 |
მსოფლიო | 167 | 5.52 | 5.55 | 5.46 | 5.49 | 5.52 |
ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით
სქოლიო
- ↑ Democracy Index 2008 - Economist Intelligence Unit
- ↑ Democracy Index 2013 - Huffington Post
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Democracy index 2012.
- ↑ More State than Nation: Lukashenko's Belarus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-10. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
- ↑ 5.0 5.1 Democracy index 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
- ↑ The Economist Intelligence Unit's index of democracy
- ↑ Democracy index 2010
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted