დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა — ბარბაროსული ტომების შეტევა რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილზე, რომელიც „მარადიული ქალაქის“ დაცემით დასრულდა.
რომის იმპერიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 395 წელი, როდესაც იმპერატორმა თეოდოსიუსმა თავისი იმპერია ორ შვილს გაუნაწილა. უფროსი შვილი ფლავიუს არკადიუსი დანიშნა აღმოსავლეთის ავგუსტუსად, ხოლო უმცროსი ფლავიუს ჰონორიუსი დასავლეთის ავგუსტუსად. ორივე მემკვიდრე ახალგაზრდა იყო, ამიტომ თეოდოსიუსმა მათ გამოცდილი მრჩევლები მიუჩინა: არკადიუსს - პრეტორიუმის პრეფექტი, გალი რუფინუსი, ჰონორიუსს - არმიის სარდალი, ვანდალი სტილიქონი. თეოდოსიუსის სიკვდილის შემდეგ სტილიქონსა და რუფინუსს უთანხმოება მოუვიდათ და, ფაქტობრივად, ამან განაპირობა იმპერიის გაყოფა.
თეოდოსიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიის მართვა-გამგეობა რომანიზებული ბარბაროსების ხელში გადავიდა. თეოდოსიუსის შვილები ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ და მათ არ აღმოაჩნდა ქვეყნის მართვის უნარი, სიზარმაცის და რბილი ხასიათის გამო სურვილი არც კი გასჩენიათ ჩართულიყვნენ საქვეყნო საქმეში. ამიტომ იმპერიას მათი სახელით მართავდნენ მათი აღმზრდელები.
დასავლეთ რომის იმპერიას მთელი 13 წლის განმავლობაში რეალურად მართავდა რომანიზებული ვანდალი სტილიქონი, რომელიც თეოდოსიუსის სიცოცხლის ბოლო თვეებში საიმპერიო ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. სტილიქონი დაქორწინებული იყო იმპერატორის დისწულზე. სიკვდილის წინ თეოდოსიუსმა სტილიქონი ორივე შვილის მზრუნველად დანიშნა. იმპერატორის სიგელის წყალობით, სტილიქონი დამოუკიდებლად გრძნობდა თავს და გარკვეულ პრეტენზიები ჰქონდა რუფინუსის მიმართაც. ორი რეგენტი ერთმანეთს უფლებამოსილების სფეროებში ვერ უთანხმდებოდა. ინფორმაცია მათი მტრობის შესახებ კარგად იცოდნენ ბარბაროსული ტომების ბელადებმა, რომლებისთვისაც რომი სიმდიდრის წყარო იყო.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეუთანხმებლობის გამოყენება სცადა ვესტგოთების მეფედ არჩეულმა ალარიხმა, რომელიც თრაკიიდან დაიძრა სამხრეთის მიმართულებით. ალარიხმა ნანგრევებად აქცია ბალკანეთის ქალაქები, დაარბია კონსტანტინოპოლის მხარე. რუფინუსმა აიძულა ვესტგოთები, უკან გაბრუნებულიყვნენ. სტილიქონმა დიდი არმია გაგზავნა ალარიხის წინააღმდეგ. ამ ფაქტმა დაძაბულობა გააღრმავა. რუფინუსმა მოითხოვა, რომ დაკია და მაკედონია ეღიარებინათ აღმოსავლეთ იმპერიის ნაწილად. სტილიქონი დათანხმდა, მაგრამ რუფინუსის წინააღმდეგ სხვა რამე ჰქონდა განზრახული.
აღმოსავლეთის არმიიდან დაბრუნებულმა გოთმა სამხედრომ გაინამ რუფინუსი მოკლა, ეს მკვლელობა სტილიქონის დავალებით მოხდა. სტილიქონის იმედი, რომ რუფინუსის ჩამოცილებით აღმოსავლეთზე კონტროლს აღადგენდა, არ გამართლდა. რუფინუსი შეცვალა არკადიუსის უფროსმა საჭურისმა ევტროპიუსმა, რომელმაც, რუფინუსის მსგავსად, სტილიქონის მიმართ მტრული პოზიცია დაიკავა. სტილიქონმა 397 წელს ზღვით გაგზავნა არმია ალარიხის წინააღმდეგ, რათა იგი საბერძნეთში ჩაეკეტა, ევტროპიუსმა მოუწოდა, რომ საომარი მოქმედება შეეწყვიტა. სანაცვლოდ დანიშნა იგი ილირიის ჯარების მეთაურად. იმავე დროს ევტროპიუსი მორალურ მხარდაჭერას უცხადებდა 397 წელს აფრიკაში დაწყებულ აჯანყებას, მაგრამ სტილიქონმა აჯანყება სწრაფად ჩაახშო.
399 წელს აღმოსავლეთის იმპერიის სამსახურში მყოფი ვესტგოთები გაინას მეთაურობით აჯანყდნენ, ევტროპიუსი გადააყენეს და დასაჯეს, მაგრამ ვერც გაინამ შეძლო იმპერიის გამგებლობა, რადგან მასთან ერთად კონსტანტინოპოლში შემოსული გოთების დიდი ნაწილი ქალაქის მოსახლეობამ დახოცა. მართვა-გამგეობის სათავეები ხელში აიღო პრეტორიუმის პრეფექტმა ავრელიანემ. ავრელიანე ეკუთვნოდა იმპერიაში გაბატონებული იმ დაჯგუფებას, რომელთა მიზანი იყო, შეეცვალათ გერმანული ტომები უმაღლეს თანამდებობებზე. გერმანელებისა და რომაელების მონაცვლეობა გრძელდებოდა. იმპერატორი ამ გაუთავებელ ხალხთა ჭიდილში საერთოდ არ ფიგურირებდა.
დასავლეთში საომარი ასპარეზი ხელთ ეპყრა ალარიხს. 401 წელს იგი ილირიიდან იტალიაში შეიჭრა. სტილიქონმა შეძლო ვერონასთან მისი დამარცხება და განდევნა. 405 წელს გერმანელთა ლაშქარი, ძირითადად ოსტგოთები, რადაგესის მეთაურობით შეიჭრნენ იტალიაში. სტილიქონმა ამჯერადაც მოიგერია და გადაწყვიტა, ალარიხთან კავშირით ბალკანეთი გაეწმინდა ბარბაროსებისგან. მაგრამ 406-407 წლებში რომის საზღვრებთან ახალი ურდოები გამოჩნდნენ და ყურადღების ცენტრმა დასავლეთ ევროპისაკენ გადაინაცვლა. რაინის გარნიზონები იყო დასუსტებული, რადგან მათი საუკეთსო ნაწილები იტალიის საზღვრებს იცავდნენ. ბარბაროსები აოხრებდნენ გალიას. ბრიტანეთში ახალი იმპერატორი გამოაცხადეს. სტილიქონმა უფრო სახიფათოდ ჩათვალა ილირიაში ლაშქრობა და დროებით გადადო. ალარიხმა რომის გართულებული მდგომარეობით ისარგებლა და კომპენსაციის სახით მოითხოვა დიდი თანხის გადახდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ვანდალის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
408 წლის 1 მაისს იმპერატორი არკადიუსი გარდაიცვალა. მემკვიდრედ დატოვა თავისი შვილი თეოდოსიუს II, რომელიც დაბადებისთანავე, 402 წელს გამოაცხადა ავგუსტუსად. დასავლეთ ევროპა ბარბაროსების მთავარ სამიზნედ იქცა. ვანდალები, ალანები, სვევები, ბურგუნდები შეიჭრნენ გალიასა და ესპანეთში, ანგლები და საქსები თავს დაესხნენ ბრიტანეთს. დასავლეთის შეიარაღებულ ძალებში და ჰონორიუსის კარზე უპირატესობა მოიპოვა რომაულმა პარტიამ, რომელსაც ყველა უბედურების მიზეზად სტილიქონი მიაჩნდა. მის წინააღმდეგ მრავალი ბრალდება არსებობდა. არმიაში იფეთქა აჯანყებამ. სტილიქონი დამარცხდა და 408 წელს რავენაში სიკვდილით დასაჯეს. ის იარაღითა და დიპლომატიით ახერხებდა გერმანელებთან ურთიერთობის მოგვარებას. მისი გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.
ალარიხი კვლავ დაიძრა იტალიისაკენ. იმპერატორი რავენაში ჩაიკეტა და იქედან ცდილობდა, მოლაპარაკების გზით აეცილებინა დამანგრეველი შემოსევა, მაგრამ ალარიხის წამოყენებული პირობები იმპერატორის დესპანებმა მიუღებლად ჩათვალეს. ალარიხი თითქმის დაუცველი დედაქალაქის მიმართულებით წავიდა და უძლიერეს სიმაგრედ მიჩნეული რომი აიღო. ვანდალებმა ძველი რომაელების სიამაყე დაამხეს და მისი დიდება მიწასთან გაასწორეს. უდიდესი ქალაქის ადგილზე ნანგრევები დატოვეს.
რომის აღების შემდეგ ალარიხმა შეადგინა სიცილიისა და აფრიკის დაპყრობის გეგმა, მაგრამ სამხრეთ იტალიაში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვანდალების დასახული გეგმა გააგრძელა ალარიხის სიძემ, ატაულფმა, რომელიც ვანდალებს გაუძღვა სამხრეთ-დასავლეთ გალიასა და ესპანეთში, სადაც ისინი მტკიცედ დამკვიდრნენ. ესპანეთიდან ვანდალები გადავიდნენ ჩრდილო აფრიკაში, სადაც ვანდალებსა და მათ მოკავშირე ალანებს სათავეში ჩაუდგა გაიზერიხი, რომელმაც კართაგენის აღების შემდეგ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა და შექმნა ვანდალური სახელმწიფო. 455 წელს გაიზერიხმა ილაშქრა იტალიაში, აიღო და უმოწყალოდ გაძარცვა რომი. გეიზერიხი იყო უკანასკნელი ვანდალი, რომელმაც „მარადიული ქალაქი“ თავის ბარბაროს მეომრებს დაარბევინა.
მომაკვდავმა რომმა კიდევ ერთხელ თქვა თავისი სიტყვა ევროპის ისტორიაში. იგი წინ აღუდგა აზიიდან დაძრულ ნიაღვარს, რომელსაც სათავეში ედგა ჰუნების ლეგენდარული ბელადი ატილა. ჰუნებმა რისხვად გადაუარეს რომის იმპერიის, როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს. აზიიდან დაძრულმა მომთაბარე ტომებმა გაიერთიანეს მრავალრიცხოვანი ხალხები და მრისხანე ძალის სახით დაუპირისპირდნენ დასავლეთს. ჰუნებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს მას შემდეგ, რაც მათი ერთპიროვნული მეფე გახდა ატილა. ატილამ მიიტაცა და გაძარცვა რომის იმპერიის ბალკანური პროვინციები. იმპერატორი თეოდოსიუს II იძულებული გახდა, ზავი დაედო და ჰუნებისათვის ყოველწლიური ხარკი ეხადა. საზავო პირობების თანახმად, ჰუნებმა დატოვეს დუნაის სამხრეთით მდებარე მიწები. ატილა დარწმუნდა, რომ მეტ ფულს აღმოსავლეთ რომის იმპერიას ვერ გამოსძალავდა და ყურადღება გადაიტანა მის დასავლეთ ნაწილზე, ატილამ იმპერატორ ვალენტინიანეს ელჩების მეშვეობით მოსთხოვა იმპერიის ნახევარი, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო ჰუნების ევროპული ლაშქრობა. ატილას უზარმაზარმა არმიამ წარღვნასავით გადაუარა ევროპას, სისხლის გუბეები რჩებოდა იმ ადგილებში, სადაც ჰუნები ფეხს დაადგამდნენ. დასავლეთ რომის იმპერია ბარბაროსების პირისპირ იდგა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მტერს იტალიის გარეთ შეხვედროდა. ამ მიზნით გადადგა გონივრული ნაბიჯი, მთავარსარდლობა დააკისრა აეციუსს, დაცემის პირას მდგარი რომის უკანასკნელ ღირსეულ პიროვნებას. ატილას წინააღმდეგ ბრძოლა იყო რომის უკანასკნელი ბრძოლა ბარბაროსთა გაერთიანებული ლაშქრის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ რომის არმიაც, ძირითადად, ბარბაროსი მეომრებისაგან შედგებოდა. ალემანები, ფრანკები, ალანები, გოთები და სხვა მრავალ ტომთა წარმომადგენლები ატილას ლაშქარშიც იბრძოდნენ და რომაელთა დროშის ქვეშაც. ცნობილი „ხალხთა ბრძოლა“ გაიმართა 451 წელს კატალაუნის ველზე. აეციუსმა ბრწყინვალედ უსარდლა თავისი ქვეყნის სახელით მებრძოლ არმიას და უთანასწორო ბრძოლა რომაელთა გამარჯვებით დამთავრდა. დამარცხებულმა ატილამ დარჩენილი არმიით გალია დატოვა და პანონიაში დაბრუნდა. ის დამარცხებას არ შეურიგდა და ახალი ლაშქრობისათვის მზადებას შეუდგა. დამარცხების მიუხედავად, ატილას საკმარისი ძალები ჰქონდა ბრძოლის გასაგრძელებლად და ასეც მოიქცა. კატალაუნის ბრძოლიდან მეორე წელს ატილამ დაარბია იტალიის ჩრდილო ნაწილი. ჰუნების მრისხანე მეფის წინააშე რომი თითქმის განწირული იყო. ატილა ქალაქზე ლაშქრობის გეგმას ადგენდა, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. თუ რა იყო ამის მიზეზი, უცნობია. არსებობს ორი ვერსია, თუ რატომ თქვა უარი ლაშქრობის გაგრძელებაზე. ერთი ვერსიით, მას რომაულმა ელჩობამ დიდი გამოსასყიდის ფასად შეაცვლევინა განზრახვა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით იგი შეაშინა იტალიაში გავრცელებილმა შავი ჭირის ეპიდემიამ. ატილამ იტალია დატოვა და პანონიაში დაბრუნდა, სადაც 453 წელს გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილი იმპერია მაშინვე დაიშალა.
დასავლეთ რომის იმპერია გაუგებრობის გზას აგრძელებდა. რომაელებმა ასპარეზი მთლიანად ბარბაროსებს დაუთმეს. 454 წელს იმპერატორ ვალენტინიანეს ბრძანებით მოკლეს იმდროინდელი რომის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა, კატალაუნის ბრძოლის გმირი, ფლავიუს აეციუსი. 455 წლის გაზაფხულზე აეციუსის მეგობრებმა შური იძიეს და ვალენტინიანე გამოასალმეს სიცოცხლეს. როგორც ვარაუდობენ, ორივე მკვლელობა მოწყობილი იყო გავლენიანი რომაელი არისტოკრატის, პეტრონიუს მაქსიმუსის, მიერ, რომელიც ორი დღის შემდეგ იმპერატორად გამოაცხადეს. მაქსიმუსის მმართველობა ხანმოკლე გამოდგა. იმავე წელს ვანდალებისა და ალანების მეფე გაიზერიხი ჩრდილოეთ აფრიკიდან შეიჭრა იტალიაში, აიღო და გაძარვცა რომი. გაიზერიხთან ბრძოლაში დაიღუპა ახალარჩეული იმპერატორი მაქსიმუსი.
დაცემის პირას მყოფ რომში იმპერატორები ძალიან სწრაფად იცვლებოდნენ(ტრაგიკული ეპოქის დასასრულს, 455 წლიდან 476 წლამდე რომმა 9 იმპერატორი გამოიცვლა(მაქსიმუსი, ავიტუსი, მაიორიანი, ლიბიუს სევერუსი, ანთიმოზი, ოლიბრიუსი, გლიცერიუსი, იულიუს ნეპოტი, რომულუს ავგუსტულუსი). არც ერთი ეს იმპერატორი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, გარდა რომულუს ავგუსტულუსისა). ესენი იყვნენ გზააბნეული ადამიანები, ბარბაროსული ჯარების მეთაურთა ნების უსიტყვო შემსრულებლები. შემთხვევითი პირები იკავებდნენ იმპერატორის ტახტს, მაგრამ უსახელოდ სწრაფადვე ეთხოვებოდნენ, სიმდიდრეს და ძალაუფლებას დახარბებულები, ეწირებოდნენ დროებით ნეტარებას. ხშირი იყო მღელვარება, რომლის შედეგად ახალი იმპერატორის ჩანაცვლება ხდებოდა. მაგალითად, იმპერატორ პეტრონიუს მაქსიმუსის დაღუპვას რომში დიდი არეულობა მოჰყვა, რომლითაც ისარგებლეს გალმა წარჩინებულებმა და ვესტგოთების მეფის, თეოდორიხის მხარდაჭერით, იმპერატორად აირჩიეს გალი ეპარხიუს ავიტუსი. ქალაქში შიმშილობა იყო და ავიტუსი, ნაცვლად იმისა, რომ დამშეული რომისთვის მიეხედა, გალიაში წავიდა. როდესაც დაბრუნდა, აიძულეს, ტახტიდან გადამდგარიყო. ხანგრძლივი ინტრიგებისა და კამათის შემდეგ, 457 წლის დეკემბერში, სენატმა და არმიამ იმპერატორად გამოაცხადა მაიორიანი.
ამ დროისთვის დასავლეთ რომის იმპერიაში ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო ფლავიუს რიციმერი, სვევების ბელადის შვილი, რომელმაც თავი გამოიჩინა ვანდალების წინააღმდეგ ბრძოლაში. რიციმერი 457 წელს გახდა პატრიციუსი. 459 წელს იყო კონსული. მეცნიერები სერიოზულად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ არიანელობა და გერმანული წარმომავლობა უშლიდა ხელს რაციმერს იმპერატორის ტახტის დაკავებაში,რაც სადავოდ გამოიყურება ვინაიდან იმ დროისთვის არჩეული იმპერატორებიდან არცერთი არ იყო რომაელი. ამის მიუხედავად, გვირგვინს მის მიერ წამოყენებული პირები იდგამდნენ, მაიორიანის ტახტზე ასვლა რაციმერის ინიციატივით მოხდა, მაგრამ იმპერატორი არ გამოდგა ისეთი მორჩილი, როგორც მისი ქვეშევრდომები ფიქრობდნენ. მაიორინმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, აღადგინა რომის ხელისუფლება გალიასა და ესპანეთში. მაიორიანის საქმიანობის ფართო მასშტაბები რიციმერის უკმაყოფილებას იწვევდა. ესპანეთში მოპოვებული გამარჯვებიდან დაბრუნებული მაიორიანის წინააღმდეგ რიციმერის ხელმძღვანელობით მოაწყვეს შეთქმულება და მოკლეს.
მაიორიანის მომდევნო იმპერატორ ლიბიუს სევერუსისა და მარიონეტების, ანთიმოზის და ოლიბრიუსის ამაღლებაშიც გადამწყვეტ როლს რიციმერი ასრულებდა. დასავლეთ რომის იმპერიაში საიმპერატორო კარზე პირველობისათვის მუდმივი ბრძოლა ჰქონდათ ბარბაროსებს. რიციმერსაც ჰქონდა კონფლიქტი გალ ანთიმოზთან, რომელსაც რიციმერი ცოფიან გალს უწოდებდა. არც ანფიმიუსი რჩებოდა ვალში და ბარბაროსის სახელით ამკობდა. განხეთქილება ბრძოლამდე მივიდა, რომლის დროსაც 472 წელს ანფიმიუსი დაიღუპა. იმავე წელს გარდაიცვალა ყოვლის შემძლე რიციმერიც. 472 წელს იმპერატორად გამოაცხადეს ოლიბრიუსი, მაგრამ იგივე იმავე წელს გარდაიცვალა. დასავლეთ რომის იმპერიაში რიციმერი შეცვალა ბურგუნდების მეფემ გუნდობალმა, რომელმაც იმპერატორის გვირგვინი გადასცა გლივერიუსს, მაგრამ აღმოსავლეთის იმპერატორმა ლევ I-მა არ აღიარა იგი და მხარი დაუჭირა დალმაციაში განლაგებულ ჯარების სარდალ იულიუს ნეპოტს. ნეპოტი არმიით დაიძრა რომზე სალაშქროდ. 474 წლის ზაფხულში ნეპოტმა დაამარცხა გლიცერიუსი. გამარჯვებული ნეპოტი ავგუსტუსად გამოაცხადეს. ერთი წლის შემდეგ ნეპოტი განდევნა მისმა პატრიციუსმა ორესტმა და იმპერატორად დასვა საკუთარი შვილი, მცირეწლოვანი რომულუს ავგუსტულუსი. ორესტი იმპერიის ჯარების მთავარსარდლის ტიტულით შეუდგა ქვეყნის მართვას. რომულუს ავგუსტულუსი არ ცნო რომის აღმოსავლეთ იმპერიამ, იგი არ აღიარეს გალიასა და პანონიაშიც. ამის შემდეგ, როდესაც გერმანელებმა მოითხოვეს იტალიის მიწების მესამედი, მაგრამ უარი მიიღეს, აჯანყდნენ. 476 წელს აჯანყებულებმა განდევნეს ორესტი, ტახტიდან ჩამოაგდეს რომულუს ავგუსტულუსი და საცხოვრებლად მიუჩინეს ლუკულუსის ყოფილი ვილა კამპანიაში.
რომულუს ავგუსტულუსი აღმოჩნდა უკანასკნელი იმპერატორი - მომდევნო ხანებში ამ მიმზიდველი სახელის ტარების მსურველი აღარ გამოჩენილა. რომულუს ავგუსტულუსის დამხობის შემდეგ რომაულ პოლიტიკაში რომაელები აღარ ფიგურირებენ, ყველა საკითხს არარომაელები, უმეტესად გერმანელები, წყვეტენ. რომულუს ავგუსტულუსის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ ბარბაროსებმა 476 წელს მეფედ აირჩიეს აჯანყების ხელმძღვანელი, დაქირავებულ გერმანელ მეომართა მეთაური ოდოაკრი. ფორმალურად ოდოაკრი თითქოს ემორჩილებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორ ზენონს, მაგრამ რეალურად იყო იტალიის გერმანული სახელმწიფოს ერთპიროვნული მართველი. ბარბაროსებმა ბარბაროსული წესრიგი დაამყარეს. დაეცა რომაული სიმაღლე და დავიწყებას მიეცა ლეგენდარული რომულუსის დიდება. ლეგენდებში დაბადებულმა „მარადიულმა ქალაქმა“ არარომაელების ხელში დაამთავრა თავისი ისტორია.
რომულუს ავგუსტულუსის ტახტიდან ჩამოგდება, 476 წელი, ითვლება დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღად. დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. დამთავრდა კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი საფეხური. მის ნანგრევებზე ამოცენდა ბარბაროსული სამეფოები, რომელთაც ისტორიაში, ნგრევის გარდა, კვალი არ დაუტოვებიათ და საუკუნეობით ნაშენებ ადგილზე სისხლში არეული ფერფლი და ნაცარი დატოვეს. „მარადიულმა ქალაქმა“ პირველობის გვირგვინი მეორე რომს, კონსტანტინოპოლს, დაუთმო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ სახელწოდება „რომი“ შეინარჩუნა, მაგრამ სახელმწიფო და მისი ენაც იყო ბერძნული, VI საუკუნიდან.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომის სახელწოდებით, XV საუკუნის შუა ხანებამდე, არსებობა გააგრძელა მისმა აღმოსავლეთმა ნაწილმა, მაგრამ მეორე რომსაც არანაკლები ზიანი მიადგა. აღმოსავლეთ რომის იმპერია 1453 წელს დაიპყრეს ოსმალებმა.
ლიტერატურა
- ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. II, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2020, გვ. 336-345.