შინაარსზე გადასვლა

ოსმალეთის იმპერიის დასასრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსმალეთის იმპერიის დასასრული (თურქ. Osmanlı İmparatorluğu dağılma dönemi) — უკანასკნელი პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, დაკნინების შემდეგ. იგი იწყება 1908 წელს მე-2 კონსტიტუციურო ეპოქის დაწყებით და სრულდება 1922 წელს, თურქეთის რესპუბლიკის შექმნით.

მე-2 კონსტიტუციური ეპოქა აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პერიოდში დაიწყო. კონსტიტუცია იგივე იყო, რაც პირველი კონსტიტუციური ეპოქის (1874-1876 წწ.) დროს. შედეგად, ოსმალეთის სულთნები სრული ძალაუფლებით აღარ მართავდნენ ქვეყანას და მათ უფლებებს კონსტიტუცია ზღუდავდა.

ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლა უკვე დიდი ხნის წინ იყო დაწყებული და მისი დაშლა უკვე გარდაუვალი იყო. მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა საბოლოოდ დაშალა ოსმალეთის იმპერია. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის გაერთიანებული ძალების მიერ ოკუპირებული იქნა ოსმალეთის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი.

მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დამარცხდა, არსებობდა გეგმა, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები მისი დარჩენილი ნაწილის დანაწილებას აპირებდნენ. სწორედ აქ გამოჩნდა თურქეთის ეროვნული კონგრესი მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რამაც მოახერხა თურქეთის გადარჩენა.

აბდულჰამიდ II-დან პირველ მსოფლიო ომამდე

აბდულჰამიდ II

ფაილი:Territorial changes of the Ottoman Empire 1913.jpg
ოსმალეთის იმპერია 1913 წელს

აბდულჰამიდ II იყო ოსმალეთის იმპერიის დასასრულის პირველი სულთანი. რევოლუციამ მას აიძულა კონსტიტუციური ეპოქის დაბრუნება. კონსტიტუციური ეპოქის დაბრუნების შემდეგ მან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნა ოსმალეთის იმპერიის ტახტი. მის სამეფო კარზე მოხდა აჯანყება და აჯანყებულებმა 1909 წლის 27 აპრილს ოფიციალურად გადააყენეს აბდულჰამიდი და მის მაგივრად ტახტზე მისი ძმა, მეჰმედ V ავიდა.

მეჰმედ V

მეჰმედ V-ის ტახტზე ყოფნას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ის იმპერიას არ მართავდა და მის მაგივრად ოსმალეთს ფაშები განაგებდნენ. მისი მმართველობის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელშიც ოსმალეთის იმპერია 1914 წლის აგვისტოში ჩაება.

პირველი მსოფლიო ომი

ესკიზის შექმნის შეცდომა:
მუსტაფა ქემალ ათათურქი პირველ მსოფლიო ომში, 1915 წელი

აღმოსავლეთ ფრონტზე ერთმანეთის წინააღმდეგ გერმანია და რუსეთის იმპერია იბრძოდნენ. ოსმალეთის იმპერიამ გერმანიის მხარე დაიჭირა და მასთან ერთად დაიწყო რუსეთთან ბრძოლა. ოსმალეთის მთავარი მიზანი პირველ მსოფლიო ომში კავკასიაში პოზიციების გამაგრება და შავი ზღვისა და კასპიის ზღვის კონტროლი იყო. პირველად ოსმალეთის არმიამ სომხეთს შეუტია, მაგრამ ცოტა ხანში უკან დაიხია.

1916 წლის დასაწყისში აღმოსავლეთის ფრონტზე უპირატესობა გერმანიისა და ავსტრიის მხარეს აღმოჩნდა. რახან რუსეთის იმპერია და ოსმალეთის იმპერია ერთმანეთის მტრები იყვნენ, ოსმალეთის იმპერიას გერმანიის უპირატესობა ხელს აძლევდა თავისი მიზნების განხორციელებაში.

ივნისში რუსეთის არმიამ შეუტია ავსტრიას. რუსები ავსტრიელებზე ძლიერნი იყვნენ. გერმანელებს კი ყურადღება დასავლეთ ფრონტზე ჰქონდათ გადატანილი და დროულად ვერ აღმოუჩინეს ავსტრიას დახმარება, თუმცა საბოლოოდ, რუსები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდენ. არმია შიმშილის პირას იყო. შედეგად, ოსმალეთის იმპერიისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა.

1917 წლის დასაწყისში ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. გერმანელებმა ხელი შეუწყვეს ვლადიმერ ლენინის რუსეთში დაბრუნებას. ოქტომბერში რუსეთში რევოლუცია მოხდა და ქვეყანა გამოეთიშა ომს. ამის შედეგად, აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანია-რუსეთის ომი დასრულდა.

ამავე წელს, ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის იმპერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მათ დაიკავეს ბაღდადი, ბაქო და იერუსალიმი. ამავდროულად, ბრიტანელი ოფიცერი თომას ლოურენსი არაბებში პროპაგანდილ მუშაობას აწარმოებდა. მან არაბებში აჯანყების დაწყებას მიაღწია. ოსმალები მიხვდნენ, რომ ვერ ჩაახშობდნენ აჯანყებას და 30 ოქტომბერს კაპიტულაცია გამოაცხადეს.

უკანასკნელი სულთანი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

ფაილი:Sultanvahideddin.jpg
მეჰმედ VI ტოვებს ქვეყანას
ფაილი:Europe in 1923.jpg
თურქეთი 1923 წელს

1918 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა მეჰმედ V და ტახტი მისმა ძმა მეჰმედ VI-მ დაიკავა.

ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში სასტიკად დამარცხდა. მათი დარჩენილი ნაწილის განაწილება ევროპულ სახელმწიფოებს სურდათ. 1918 წლის 13 ნოემბერს, ბრიტანეთის იმპერიის, საფრანგეთისა და იტალიის არმიების მიერ ოკუპირებული იქნა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი - კონსტანტინოპოლი. ამ მოქმედებით დაიწყო ოსმალეთის დანაწილების გეგმის განხორციელება. თუმცა, პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის არმიაში მონაწილე მუსტაფა ქემალ-ფაშამ საკუთარი ქვეყნის გადარჩენა გადაწყვიტა. მან 1919 წელს თანამოაზრეებთან ერთად თურქეთის ეროვნული კონგრესი დააარსა და გააერთიანა თურქეთის პატრიოტული ძალები. ამ ძალამ ოსმალეთის იმპერია ვერ იხსნა, თუმცა იხსნა თურქეთის რესპუბლიკა. 1919-1922 წლებში მან გაწმინდა ანატოლია და მთელი თურქეთი დაიმორჩილა. დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელს მან ოფიციალურად გადააყენა მეჰმედ VI, ხოლო ოსმანების დინასტიის ყველა წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა და ქვეყნიდან განდევნა. თავად კი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1923 წელს მან მოახერხა სტამბოლის დაბრუნებაც.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა