შინაარსზე გადასვლა

ასკალონის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack

ასკალონის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და ფატიმიდების სახალიფოს შორის. გაიმართა 1099 წლის 12 აგვისტოს იერუსალიმის აღებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ასკალონის ბრძოლას ხშირად განიხილავენ, როგორც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის უკანასკნელ მოქმედებას.[1] ჯვაროსნებმა გოდფრუა ბუიონელის მეთაურობით დაამარცხეს რიცხობრივად აღმატებული მტერი და უზრუნველყვეს იერუსალიმის დაცვა.

წინარე ისტორია

იერუსალიმში თავიანთი ლაშქრობისას ჯვაროსნები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ფატიმიდებთან, თუმცა სრულყოფილი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა — ფატიმიდები მზად იყვნენ დაეთმოთ კონტროლი სირიაზე, მაგრამ არა პალესტინაზე, ეს კი მიუღებელი იყო ჯვაროსნებისათვის, რომელთა მიზანსაც იერუსალიმის დაკავება და მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ქრისტიანებისათვის დაბრუნება წარმოადგენდა. 1099 წლის 15 ივლისს ხანგრძლივი ალყის შემდეგ იერუსალიმის აღების შემდეგ ჯვაროსნებმა შეიტყვეს, რომ ფატიმიდების ჯარი მათზე თავდასასხმელად მოემართებოდა.

ჯვაროსნები სწრაფად ამოქმედდნენ. ფატიმიდების ელჩები, რომლებიც ცდილობდნენ ჯვაროსნები იერუსალიმის დათმობაზე დაეყოლიებინათ უარით გაისტუმრეს. გოდფრუა ბუიონელმა კი, რომელმაც მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო, 10 აგვისტოს დარჩენილი ჯვაროსნები ქალაქიდან გაიყვანა და იერუსალიმიდან ერთი დღის სავალზე, ასკალონთან განალაგა.

ბრძოლა

ფატიმიდებს მეთაურობდა ვეზირი ალ-აფდალ შაჰანშაჰი, რომლის ჯარიც თურქ-სელჩუკების, არაბების, სპარსელების, სომხების, ქურთებისა და ეთიოპიელებისაგან შედგებოდა. იგი იერუსალიმის ალყაში მოქცევას აპირებდა, თუმცა საალყო მანქანები თან არ ჰქონდა. სავარაუდოდ, მან არ იცოდა, რომ ჯვაროსნები უკვე მოემართებოდნენ მასთან შესახვედრად. 12 აგვისტოს დილით ჯვაროსნებმა მტრის ადგილმდებარეობა შეიტყვეს. ისინი ცხრა ნაწილად გაიყვნენ და ფატიმიდებს თავს დაესხნენ. მოულოდნელობის ეფექტისა და მაჰმადიანთა არმიის ბრძოლისათვის მოუმზადებლობის გამო ხანმოკლე, თუმცა დაძაბული ბრძოლა მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ, ჯვაროსნების გამარჯვებით დასრულდა. ჯვაროსანთა დანაკარგი უცნობია, თუმცა ეგვიპტელებმა 10-12 000 ჯარისკაცი დაკარგეს, მათი ბანაკი და საგანძური კი ჯვაროსნებს ჩაუვარდათ ხელში.

ჯვაროსნები ღამით ახალი შეტევისათვის ემზადებოდნენ, თუმცა დილით გაიგეს, რომ ფატიმიდებმა ეგვიპტეში დაიხიეს, ალ-აფდალი კი გემით გაიქცა. მათ თან წაიღეს იმდენი ნადავლი რამდენის წაღებაც შეეძლოთ (ალ-აფდალის პირადი კარვის ჩათვლით) და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასკალონის ბრძოლა ჯვაროსანთა გამარჯვებით დასრულდა, თავად ქალაქი კვლავ მტრის ხელში დარჩა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფორპოსტს მაჰმადიანთათვის იერუსალიმის სამეფოზე თავდასასხმელად.

ლიტერატურა

  • Albert of Aix, Historia Hierosolymitana
  • Fulcher of Chartres, Historia Hierosolymitana
  • Gesta Francorum
  • Hans E. Mayer, The Crusades. Oxford, 1965.
  • Raymond of Aguilers, Historia francorum qui ceperunt Jerusalem
  • Jonathan Riley-Smith, The First Crusade and the Idea of Crusading. Philadelphia, 1999.
  • Steven Runciman, The First Crusaders, 1095–1131. Cambridge University Press, 1951.
  • Kenneth Setton, ed., A History of the Crusades Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Madison, 1969–1989.

სქოლიო

  1. Battle of Ascalon Military.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 6, 2015. ციტირების თარიღი: August 13, 2012.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted